დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრიარქთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას.
მისივე თქმით, ამ მძიმე დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს .
„მოციქული პავლეც ამბობს: რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. იქვეა ნაბრძანები, გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი.
განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვა, რადგან მან აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა დიდი საქმეები.
თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მისი მოწაფე და შემდეგ მღვდელმთავარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული, ის წინასწარ მოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას. მან ბრძანა: მე მსურს გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. მას სჯეროდა, რომ მის სამწყსოს, ერს, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო ქრისტეს ნათელი უდიდესი შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომელიც იმჟამად დაფარული იყო ათეიზმის მძიმე ფარდით. მისი განუზომელი შრომით ხალხში კვლავ აღორძინდა ქრისტიანობა. ამ მხრივ მისი ღვაწლი არის სამოციქულო“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.




