ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს თქმით, ყველაზე მთავარია შესრულდეს პატრიარქის სურვილი და ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები.
"ყველაზე მთავარი არის, რომ შევასრულოთ მისი სურვილი და ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ეს არის მისი ანდერძი და ეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საოცარი ემოცია, რაც დღეს ყველას გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, მთელს ერს - გავერთიანდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველას გითხრათ, რომ დადექით ამ წვიმაში, დადექით ამ 4 საათიან რიგში, მობრძანდით და ახლა დაემშვიდობეთ პატრიარქს - დღეს და ხვალ, კვირას ეს არ გამოვა, ფიზიკურად ადგილი არ არის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.
ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.




