ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.
„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ, დელეგაციებიც ყველა ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.
ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.




