საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განაცხადა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით:

„მე მსურს, მე, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს გვაინტერესებს, თინათინ ბერძენიშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათი. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს, შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება, წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს. 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გზას, ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს საგარეო კურსს, ეს არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან, რომელიც მაუწყებელმა მოიკვლია, დაადგინა, დაამტკიცა და გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვისურვებ, უახლოეს მომავალში იყოს მომზადებული და ჩვენთან მოხსენება გაკეთებული“, – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.