თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისა და დიდი გაერთიანებისკენ.

„ძალიან მნიშვნელოვან  ეტაპზე ვართ და ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, ცხადყოფს,  რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით. საქართველო ნამდვილად ლიდერია  და სადღაც რომ საუბრები, საქართველო  რაღაცაში ჩამორჩაო,  ეს უსაფუძვლოა.  დღევანდელ დღეს ნუ მიაწერთ დინებებს,  გეოპოლიტიკურ ინერციას და ნუ ამბობთ, რომ თითქოს წინა წელს ქართველ ხალხს არაფერი არ ეკუთვნოდა.  ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია. ყველა ძალიან კარგად ვხვდებოდით,  რომ ოპოზიციური პარტიების მთელი ნარატივი აგებული იყო კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე.  ეს ნარატივი მოიკითხეთ  თქვენს პარტიებში,  თქვენს ლიდერებს შორის,  პარტიების თავმჯდომარეებთან,  რომლებიც გაიძახოდნენ,  რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. თქვენს ოპოზიციურ პარტიებთან  მოიკითხეთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც დადიოდნენ ბრიუსელში, სტრასბურგში და იხვეწებოდნენ,  რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.  ამის პარალელურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს  მოუხადეთ ბოდიში, რომ  ერთი  პატიმრის ჯანმრთელობას უკავშირებდით მთელი ქვეყნის ევროინტეგრაციას,  ატყუებდით მოსახლეობას, როცა რეზოლუციებს აინიცირებდით ევროსაბჭოში. იმავე ევროპარლამენტში  სრულიად სამარცხვინო რეზოლუციები გადიოდა“,  -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მან, როგორც საკრებულოს დეპუტატმა, აღნიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა და ქართველი ხალხის, ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც ქვეყანას და ხელისუფლებას ერთმანეთისგან ყოფს.

ლევან ჟორჟოლიანმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია  ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წლის განმავლობაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყოს კონტრიბუციები.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ახლა ყველაფერს  გაუვიდა ვადა, რადგან არის საბჭოთა,  მოძველებული ინფრასტრუქტურა. იმედია, რომ ხელისუფლების მხრიდან  იქნება კონტრიბუციები, რათა შევძლოთ გამგეობების დახმარება.  იმედს ვიტოვებ,  რომ ვიქნებით ისეთი წარმატებულები, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. ძალიან ბევრი წელია ისე საფუძვლიანად არაფერი გაკეთებულა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.