მე პირადად ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში ჩავიდა, რომელიც ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა.
ხაბეიშვილის თქმით, სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოიყოს სასწრაფოდ თანხა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
„ამას გურჯაანის მერია და გუბერნია ვერ ეყოფა. სრულიად მთავრობის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ აქ. სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოყონ თანხა. დღესვე უნდა დაიწყოს მოსახლეობის ზარალის აღწერა, მათ შორის, თანხობრივად რა ზიანი აქვს გურჯაანს მიყენებული. მერი და გუბერნატორი აქ ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, მოვიდნენ და წავიდნენ, არ ნიშნავს ამით, რომ საქმე გაკეთდება. ხვალიდან იქნება დამატებით უსერიოზულესი სამუშაო. სარეზერვო ფონდებიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა. ძალიან ბევრი ავტომობილი წყალს მიჰქონდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწრაფად მობილიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ ადგილზე. მე პირადად ვაპირებ, პირად კონტროლზე ავიყვანო ეს საქმე, ვიდრე ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ხაბეიშვილი.