ნორმალური ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად ნორმალური, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსული აქტივები გაყინულიყო და ძალიან ბევრი მილიარდი მიგვეღო ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში რუსული აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, უკრაინის მმართველი გუნდის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„იმ პირობებში, როცა პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები ქართველ ხალხს აწიოკებენ, მცოცავ ოკუპაციას ახორციელებენ, დაპყრობილი აქვთ ჩვენი ტერიტორიები, პარალელურად უკრაინა გადასულია შეტევაზე ჩვენს მტერთან, მსოფლიოს ნომერ პირველ მტერთან, ვგულისხმობ პუტინის რუსეთს, ამ პირობებში ცხადია, კარგი იქნებოდა რუსული აქტივების გაყინვა. აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალური იქნებოდა, რომ როცა ჩვენს ბავშვებს ხოცავდნენ, ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდნენ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რომ ახორციელებენ და ახლა, მათ შორის, ქართველი ჯარისკაცებიც რომ იბრძვიან პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინიდან და უკრაინა რომ არის ომში, ამის პარალელურად ეკონომიკური ზიანი რომ მივაყენოთ ჩვენს მტერს, მათ რომ გავუყინოთ აქტივები, რომ საქართველომ დაიჭიროს ღირსეული პოზიცია. ამის პარალელურად, ცხადია, საქართველო მიიღებდა მყისიერად კანდიდატის სტატუსს, რასაც მოჰყვებოდა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია საქართველოში, რასაც მოჰყვებოდა, ცხადია, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. ეს იქნებოდა კარგი და ნორმალური, წესიერი, პატრიოტი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების პირობებში, თუმცა იმ პირობებში, როცა რუსი ოლიგარქი, რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი ირაკლი კობახიძე წყვეტს, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის კურსს, ჩვენი ქვეყნის ბედს, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა ცხადია, ნორმალური ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად ნორმალური, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსული აქტივები გაყინულიყო და ძალიან ბევრი მილიარდი მიგვეღო ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან, პლუს, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.