საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი თოჯინური ანიმაციის - „ნიკალას“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „დიორამა ფროდაქშენის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ნიკალა“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - ,,ახალგაზრდული შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა“ - გამარჯვებული პროექტია. სამინისტროს მხარდაჭერით „დიორამა ფროდაქშენის“ ბაზაზე შეიქმნა სტუდია და აეწყო დიორამები. საგულისხმოა, რომ კონკურსის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა ორგანიზაციას დაეხმარება სხვა თოჯინური ანიმაციების შექმნაშიც.

„ნიკალა“ „დიორამა ფროდაქშენის“ პირველი ნამუშევარია. ანიმაცია, რომლის მოქმედი პირები თოჯინები არიან, ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას განსხვავებულად წარმოაჩენს. დიორამა კი არის სცენის მაკეტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის გარემო შევქმნათ. მოქმედება მთლიანად მორგებულია XIX-XX საუკუნის თბილისის ესთეტიკასა და სიტუაციას. თოჯინური ანიმაცია გამოსახულებით, მუსიკითა და გარემოს ხმებით გადმოსცემს დიდი ხელოვანის შემოქმედებასა და მის რთულ ცხოვრებისეულ გზას. ფილმის რეჟისორი, ოპერატორი და ანიმატორია კოტე ნინუა, პროდიუსერი - ნინა ოთარაშვილი, მონტაჟის რეჟისორი - ანი ჯობავა.

თოჯინური ანიმაციის გადასაღებად შეიქმნა ათზე მეტი დიორამა და რვა თოჯინა. ხუთწუთიანი ანიმაცია „სთოფ მოუშენის“ (ანიმაცია კადრებით) პრინციპითაა გადაღებული, ტექნიკა ადრეც აქტიურად გამოიყენებოდა ქართული ანიმაციების შესაქმნელად და ის საშუალებას იძლევა ხელშესახები გავხადოთ თითოეული დეტალი, განსხვავებულად წარმოვაჩინოთ ამბავი.

„ნიკალას“ მაყურებელი 5 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეც იხილავს.