საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, რამაზ ჩხიკვაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა. 

მსახიობის დაბადებიდან 95 წელი გავიდა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი და ქართული კულტურის დიდი მოამაგე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, რამაზ ჩხიკვაძის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები, საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


საიუბილეო საღამოზე მაყურებლის წინაშე გაცოცხლდა გენიოსი მსახიობის უნიკალური გარდასახვის უნარი და მისი ცხოვრებიდან არაერთი ღირსშესანიშნავი მომენტი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, რუსთაველისა და მოძრაობის თეატრის მსახიობები; საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე.
„თეატრი და მსახიობობა რომ არ არსებულიყო, რამაზი მოიგონებდა ამ პროფესიას და გახდებოდა მსახიობი, მხოლოდ და მხოლოდ მსახიობი“, - იტყვიან მისი მეგობრები წლების შემდეგ - ეს სიტყვები სრულად გამოხატავს დიდი არტისტის - რამაზ ჩხიკვაძის, შემოქმედების არსს. მსახიობისა, რომელმაც უნიკალური კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში.


რამაზ ჩხიკვაძე 1951 წლიდან, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო, სადაც არაერთი შთამბეჭდავი სცენური სახე შექმნა, მათ შორის: ლეანდრო (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი, მეტსახელად მექი-დანა (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა.


მსახიობის შემოქმედებაში ახალი ეტაპი იყო რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა. მან მთავარი როლები ითამაშა სპექტაკლებში: პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“ (ყვარყვარე), ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (აზდაკი), უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ (რიჩარდ მესამე) და „მეფე ლირი“ (ლირი). ამ როლებმა ხელოვანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.


რამაზ ჩხიკვაძემ ბოლო სცენური სახე (ედგარი) „თეატრალურ სარდაფში“ შექმნა, ა. სტრინდბერგის პიესაში „სიკვდილის როკვა“ (რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი).


მსახიობმა ბევრი სახასიათო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულ კინოშიც. იგი მონაწილეობს ფილმებში: „ჭრიჭინა“ (1954), „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ (1959), „წარსული ზაფხული“ (1959), „ლონდრე“ (1966), „ვედრება“ (1967), „ნუცა“ (1971), „სამკაული სატრფოსთვის“ (1971), „ნერგები“ (1972), „მთვარის მოტაცება“ (1973), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „ბებერი მეზურნეები“ (1973), „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975), „სოფლის აშიკი“ (1976), „ნატვრის ხე“ (1976), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ (1988), „აშუღ-ყარიბი“ (1988), „თეთრი ბაირაღები“ (1990), „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (1991), „მიდიოდა მატარებელი“ (2005) და სხვა.
გამოჩენილი მსახიობის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი იყო მკაფიო თვითმყოფადობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია და გარდასახვის საოცარი უნარი.


რამაზ ჩხიკვაძის სამსახიობო ოსტატობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, სსრკ-ის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მოსკოვის მსოფლიოს კინოფესტივალზე (1973) მიიღო ოქროს მედალი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 1997 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1998 წელს კი, ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, ნაყოფიერი და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2006 წლის 28 თებერვალს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.