ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან, "არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ".
მისი განცხადებით, ასპროცენტიანი გარანტიით შეუძლია თქვას, რომ 4 სექტემბრის, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგაც, ზუსტად ისე და იმ მასშტაბით გააგრძელებს მუშაობას, როგორც დღეს მუშაობს.
„არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 4 აგვისტოდან გვიჩნდება რეგისტრაციის ვალდებულება, რომელიც 1 თვე გაგრძელდება. 4 სექტემბერს, ვინც არ იქნება რეგისტრირებულიო, სახელმწიფოს შეუძლია დაიწყოს ინდივიდუალური წარმოებები ჩვენს იძულებით დასარეგისტრირებლად. ისევ არ დავრეგისტრირდებით და ამას მოჰყვება პირველი ჯარიმა, 25 000 - ლარიანი და რომელსაც, ასევე, არ გადავიხდით, მე არ ვაპირებ, რომ გადავიხადო. ამაზე ამბობს კალაძე, მისი ვერსია ასეთია, რომ შემდეგ კიდევ ერთხელ დამაჯარიმებენ 10 000 ლარით, კიდევ არ გადავიხდი, მერე დაგვაყადაღებენ. რომ დაგვაყადაღებენ, ანგარიში გაჩერდება, ქონება გაქრება, ჩვენ გავჩერდებით და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. ასპროცენტიანი გარანტით გეუბნებით, 4 სექტემბრის შედეგად, 10 სექტემბერსაც, 20 სექტემბერსაც და 10 ოქტომბერსაც, ზუსტად ისე, ზუსტად იმ მასშტაბით, ზუსტად იმგვარადვე გავაგრძელებ საქმიანობას, როგორც დღეს ვმუშაობ. ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. ის იმუქრება, მე კიდევ ვეუბნები, რომ ვინ ვის დასჯის 26 ოქტომბრის შემდეგ, ამას ყველა ერთად დაველოდებით და ერთად ვნახავთ. კახა კალაძემ ვინ უნდა შეაშინოს, არ გადამრიოთ, ამ ჩვეულებრივმა „გაზპრომის“ ხელის ბიჭმა. ვის უცხო ქვეყანასთან ურთიერთობებზე ლაპარაკობს, როცა კაცი ჩვეულებრივი ხელის ბიჭი იყო, როცა ენერგეტიკის მინისტრი იყო. გამოცდილი იურისტი ვპირდები, რომ ეს კანონი გაუსკდებათ ჰაერის ბუშტივით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.