ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ - ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

"ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ღირსება, ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და დღესაც იმავეს აგრძელებენ ეს [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] ადამიანები. შეიძლება ოპოზიციაში არიან და ისეთი რესურსი არ გააჩნიათ, იგივე ძალადობა გააგრძელონ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ, თუმცა იმ რესურსებით, რაც აქვთ, იმავეს აგრძელებენ - ბოროტებას, სიძულვილის თესვას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ბულინგს, შეურაცხყოფას, დაშინებას. ეს არის მათი ყოველდღიურობა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც იბრძვის და ზრუნავს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას საქართველოში. რატომ უნდა გაიხსნას?! ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ის უბედურება, რაც შეიძლება ომმა ქვეყანას მოუტანოს, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ვიცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს და შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. საბოლოო ჯამში, ძლიერი საქართველო ძლიერი ეკონომიკით მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.