სასიხარულო ინფორმაცია მაქვს: ფონდების - „ქართუ“ და “განვითარება და გარემო“ მხარდაჭერით, კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი -ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად.

ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით. ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული ბილიკები არსებითად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებასაც.

პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ფონდებმა- „ქართუ“ და „განვითარება და გარემო“ მუნიციპალიტეტს უკვე გადმოსცეს შემუშავებული პროექტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტის განხორციელების მიზნით და გამარჯვებულ კომპანიას მიეცემა 6-თვიანი ვადა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.