თბილისის მერი კახა კალაძე დიდუბის რაიონის ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და ახალ თანამდებობაზე წარმატებას უსურვებს.
კახა კალაძე დიდუბის ყოფილ გამაგებელს მადლობას უხდის
როგორც მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ძნელაძე ამიერიდან ენერგეტიკის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს - იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, გამგებლის თანამდებობა დატოვა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც. იგი 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. მინდა, მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატება
ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსები, რომელსაც სჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით
არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.