თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა  გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება განცხადებებს დაკავებულის ორიენტაციის შესახებ, კალაძე ამბობს, რომ ორიენტაცია მისი გადასაწყვეტია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.

„თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ასეთი ფაქტები, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვერ განვვითარდებით, ვერ წავალთ წინ, ეს არც ევროპაა, არც ევროპული ღირებულებები და არც ევროპული მომავალი. ეს არის უკან უფსკრული, ეს არის გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა