საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისმა წარმომადგენელმა 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოინახულა. 

ამის შესახებ იოსელიანი Facebook-ზე წერს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი საქმის მიმდინარეობის პროცესში ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს“, - წერს ლევან იოსელიანი.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.