თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში.

„შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა და შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები.

ასევე, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირებისთვის, რაზეც მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ. პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე ავტომობილებისთვის.

თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა. შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.

სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდ დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - ტრამვაით. სხვა პროექტებია მდინარის სანაპიროს გამოცოცხლებისა და განვითარების პროგრამა, სამგზავრო საგარეუბნო რკინიგზის ქსელის განვითარება, სუპერბლოკების პროგრამა და სხვა.

თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებული ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი თანხვედრაშია თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასთან, რომელიც ითვალისწინებს ქვეითების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისა და აქტიური მობილობის საშუალებების მომხმარებლების (ველოსიპედისტები) პრიორიტეტიზებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში მეტი ინვესტიციით, კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებას და ქუჩის სივრცის მობილობის ყველა მონაწილეზე თანაბრად გადანაწილებას.

თანამედროვე სატრანსპორტო დაგეგმარების პრინციპების თანახმად, ქუჩებზე საავტომობილო ზოლების რაოდენობის მომატებითა და მათი გაგანიერებით საცობები არა თუ მცირდება, არამედ ეს ქუჩები იზიდავენ მეტ ნაკადებს, რომელიც საბოლოოდ ისევ საცობებს და მეტ გადატვირთულობას იწვევს. გამოსავალია ქუჩის სივრცის სამართლიანად გადანაწილება, ავტომობილებისათვის ნაკლები სივრცის დატოვება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტიზება, რომელსაც იმავე სივრცეში, ნაკლები ჰაერისა და ხმაურით დაბინძურებით, გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, ვიდრე კერძო ავტოტრანსპორტს.

მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, თუ როდის რა კვლევას დავიწყებთ, ხოლო შედეგები წარვუდგინოთ საზოგადოებას.

ცხადია, ეს პროცესი გარკვეულ დროს წაიღებს, თუმცა მხოლოდ კვლევების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა კალაძემ.