43%-ით არის გაზრდილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის სწორი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის ბევრი გამოწვევა.

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება იზრდება, მაგრამ გვაქვს გამოწვევები. მაგალითად ერთ-ერთი მწვავე საკითხია კონკრეტულ მეტროს სადგურებზე პიკის საათებში გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემა. შესაბამისად, პირველი, მოკლევადიანი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის დამატებითი გასასვლელების დამატება, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 30%-ით მეტი ადამიანი გაატაროს. დაახლოებით 2 კვირაში ეს პროექტი დამთავრებული იქნება. მეორეა გრძელვადიანი პროექტი, რომელზეც აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ და რომელიც გულისხმობს ახალ, დამატებით ასასვლელ-ჩამოსასვლელების პროექტის განხორციელებას. მიმდინარეობს ყველა იმ მეტროს სადგურის დამუშავება, სადაც შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება.

პარალელურად ვმუშაობთ ევროპის და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან მეტროს სადგურების განახლებასთან დაკავშირებით, რომ ის პრობლემა არ შეგვექმნას, რომელიც გოცირიძის და სამგორის მეტროსთან მიმართებით იყო. ასევე, გვექნება განახლებული ავლაბრის მეტრო. ეს ძალიან მასშტაბური პროექტებია და უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად გარკვეული დრო სჭირდება, აღნიშნული პროექტების განხორციელებას. ხაზი მინდა გავუსვა ასევე 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის საკითხს. უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება ამ შესყიდვაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.