საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის" სრულ ადმინისტრირებას იწყებს. სისტემის დანერგვაში სამინისტროს USAID-ის აქტიური ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კომპანია Abt Associates ეხმარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Abt Associates შორის გაფორმდა მემორანდუმი და საინფორმაციო სისტემა შემდგომი გამოყენებისთვის სამინისტროს გადაეცა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, ფარმაცევტული დაწესებულბებისა და პაციენტების საინფორმაციო საჭიროებათა დაკმაყოფილებასა და ურთიერთკავშირს. მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სფეროში ჩართულ მხარეებს მარტივად და მცირე დროში მიიღონ ზუსტი ინფორმაცია და მოახდინონ დროული რეაგირება.
ერთიანი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით განხორციელდება ისეთი პროგრამების ადმინისტრირება, როგორიცაა ცე ჰეპატიტის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,დედათა და ბავშვთა პროგრამა და სხვა.
მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და Abt Associates -Georgia-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტურძილაძემ მოაწერეს.