"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოკლული გიო გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სასჯელის გადავადების წინააღმდეგია.

"ვისაც ნაცხროვის და მათი ამფსონების მიმართ პრეტენზია არ გაქვთ და პატიებას აპირებთ – დადეთ პინაზე სააკაშვილის სიყვარული და თქვენი შვილების სიცოცხლე, მერე ისაუბრეთ სხვა დანარჩენზე...ჩემი და ჩემსავით გამწარებული ხალხის მაგიერ ვის რას პატიობთ და ვის ურიგდებით, მკვლელებს? ეს არ მოხდება, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამას არც მომასწროს უფალმა..." - წერს ჯამბულ გამცემლიძე "ფეისბუკში".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა 2023 წლის 9 იანვარს ჩატარდა.