იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და  იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

უახლოეს ხანში მცხეთის მოსახლეობას საშუალება ექნება,  იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

 მცხეთის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება, ქორწინების რეგისტრაცია დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

 იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 20-მდე პირი დასაქმდება.

 მცხეთის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება.

 მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე ფილიალი იქნება. აღნიშნულ რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ყაზბეგის, თიანეთის, მუხრანის, დუშეთისა და ფასანაურის იუსტიციის სახლები.

 მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 976.9 კვადრატული მეტრი იქნება. იუსტიციის სახლი ქალაქ მცხეთაში სამხედრო ქუჩა №9-ის მიმდებარედ აშენდება.

 იუსტიციის სამინისტროსათვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 121 იუსტიციის სახლი.