საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უმასპინძლა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის სახელმწიფო დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა.
უზბეკეთის დელეგაცია, ასევე, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში.
რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე, მათ შორის, ისეთ ქართულ ინოვაციურ პროექტზე, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს.
იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის დელაგაციას ასევე საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ,,პრობბოქსი“ გააცნო. ,,პრობბოქსი“ ევროპაში პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელშიც ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა.
უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე.