ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარენ მაკიშიმასა და ჯგუფის სხვა წევრებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნეს.

დელეგაციის ინტერესის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და  ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით გატარებულ რეფორმებს.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში და გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით, არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით დევიძე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი.

დღესვე იაპონიის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვევა და სერვისების  გაცემის კონცეფციასა და კერძო და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესს გაეცნობა.