იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, რომელსაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს.
მხარეებმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ასპექტები მიმოიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი და ჩართულობა მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერებაში, ასევე, ხაზი გაესვა მიგრაციის სფეროში საგანმანათლებლო საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.