„გასულ წელს, საქართველოში პირველად, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’  და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე დაიწყო პროცესის აღსრულება,  რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტატუსის მქონე ტერიტორიებს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების მოდელი" ფარგლებში, შეიქმნება მმართველი ორგანო. პროექტის მიზანს კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს, გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMUV) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.