"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ არჩევნების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად დააზიანა. არჩევნების დღესაც "სამართლიანმა არჩევნებმა" მძიმე დარღვევები გამოავლინა, როგორიცაა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვების, და მათი ნების კონტროლის ფაქტები. ISFED–ს შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა, არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

ISFED მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა იქნეს შეფასებული, არჩევნების დღის საბოლოოდ შეფასებისთვის და გამოყოფს წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე მიგნებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია არჩევნების დღის შეფასებასთან. მათ შორის უმნიშვნელოვანესია, მმართველი პარტიის მხრიდან , წინასაარჩევნო პერიოდში, სახელმწიფო რესურსებზე უპირატესობა, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროგრამას და საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობას.წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშვების ფაქტებმა", – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ. 

მისი თქმით, "რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს - იმის გათვალისწინებით, რომ ISFED ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების დათვლის დროს ორგანიზაციას მასშტაბური პრობლემები არ დაუფიქსირებია, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე". 

"არჩევნების დღეს შეიმჩნეოდა დარღვევების და ინციდენტების სიმრავლე, საარჩევნო უბნების 9 % არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას, გამოვლინდა მარკირებასტან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლების დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და გაძევების შემთხვევები. რამდენიმე უბანზე გამოვლინდა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის (2 შემთხვევა) და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები (2 შემთხვევა)",- განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ 200–ზე მეტი საჩივარი შეიტანა, საიდანაც 100–ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 95 – საოლქო საარჩევნო კომისიებში, 1 საჩივარი – ცესკოში.