თბილისის მერია მიმდინარე წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

"მომავალ წელს დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა. აშენდება სამი სარაგბო სტადიონი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ასევე, 2016 წელს დაიწყება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება," - განაცხადა გვილავამ.

როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, 2015 წელს საერთაშორისო დონის ღონისძიებები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.

"ქალაქს ახალი სპორტული ქალაქები შეემატა, რაც დიდი პერსპექტივის მომცემია მომავალში როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ქალაქისთვის. 2016 წელსაც ვაგრძელებთ ამ ტენდენციას იმისათვის რომ ახალი სპორტული ობიექტები გავაკეთოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისათვის", - განაცხადა გვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.