უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასეთი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად კი უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნიმ, ფორუმზე „უსაფრთხოების ექსპორტი: უკრაინული ტექნოლოგიური იარაღი მსოფლიოში“ გააკეთა.

„ვიმედოვნებ, რომ ამ ოთახში უკვე აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ რაიმე სასწაულის ან საოცრების, რაიმე „თეთრი გედის“, რომელიც  უკრაინას მოუტანს მშვიდობას, 1991 ან 2022 წლების საზღვრებს და ამის შემდეგ იქნება დიდი ბედნიერება. ჩემი პირადი აზრით, ახლა მტერს აქვს რესურსები, ძალა და საშუალებები დარტყმისთვის“, - თქვა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, რუსეთის ომის წარმოების უნარი დამოკიდებული იქნება იმაზე, ექნება თუ არა მას, პირველ რიგში, ამ ომის წარმოების რესურსები. მან აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლოდან რუსეთი აწარმოებს „ომს გამოფიტვამდე“.

ზალუჟნი თვლის, რომ ომში გამარჯვება მხოლოდ რუსეთის მიერ ამ ომის წარმოების უნარის სრულად განადგურებით არის შესაძლებელი.

„ვგულისხმობ მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურებას. ჩვენს თანამედროვე პირობებში ანუ ჩვენი ადამიანური რესურსების უზარმაზარი დეფიციტის და კატასტროფულ ეკონომიკური სიტუაციის პირობებში, შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ გადარჩენისთვის მაღალტექნოლოგიურ ომზე, რა დროსაც მინიმუმი ადამიანური რესურსების და ეკონომიკური საშუალებების გამოიყენება მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად და ა.შ. სხვაგვარი ომის შესაძლებლობა, ახლანდელი დემოგრაფიული და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, უკრაინას არ აქვს და ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს“, - თქვა ზალუჟნიმ.