ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ - ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ ენმ-ს საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

„ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ, ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხს აგებენ. ძირს დაგვაგდეს ბავშვებთან, მოზარდებთან, ქალებთან ერთად, უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ, მაგრამ კიდევ ვამბობ, ვერ შემაშინებენ. 100 პროცენტით ხელისუფლების დაკვეთით მოხდა, მწვანე შუქი აუნთეს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინი უბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.

გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის მტკიცებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.