საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო კონფერენცია ,,პავლენი"-ს მონაწილეთადმი მიმართვის ტექსტს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ვერიის, ნაუსისა და კამპანიის მიტროპოლიტო პანტელეიმონ,
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო,
ღირსნო მამანო,
აკადემიური წრეების პატივცემულო წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მაქვს პატივი, თქვენთან ერთად გავიზიარო საერთო სიხარული და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადსამღვდელო იერარქებთან ერთად დავლოცო „პავლენი“-ს 31-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება წმინდა პავლე მოციქულის ღვაწლსა და პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას.
მოგეხსენებათ, ნიკეის პირველი მსოფლიო კრება გარდამტეხი და უმნიშვნელოვანი მოვლენაა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. ამ კრებაზე ნათლად წარმოჩნდა მართლმადიდებლური სწავლების უწყვეტობა და ჭეშმარიტება, საფუძველი ჩაეყარა პირველ ერთიან და შეთანხმებულ საეკლესიო კანონმდებლობას, შემუშავდა სარწმუნოების სიმბოლო, დაიწყო ღმრთივდადგენილი კანონებით ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიული თანაარსებობა და სხვა.
ეს წმინდა კრება იყო ნაყოფი მოციქულთა ღვაწლისა, რომელთაც თავი არ დაუზოგავთ მსოფლიოში ქრისტეს სწავლების გავრცელებისათვის. მაცხოვრის მოწაფეთა შორის კი განსაკუთრებულია წარმართთა მოსაქცევად პავლე მოციქულის მიერ გაწეული შრომა, რისი შედეგიც იყო ის, რომ ქრისტიანობა გავრცელდა იმ რეგიონებში, სადაც მან იქადაგა, ანუ მთელს რომის იმპერიაში.
ნიკეის I მსოფლიო კრებას ესწრებოდა ორი მღვდელმთავარი ქართველთა ისტორიული მიწა-წყლიდანაც. ესენი იყვნენ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსი დომნე (დომნუსი), რაც ნათლად მოწმობს იმას, რომ 325 წლისათვის დასავლეთ საქართველოში (რომლის ერთ-ერთი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო ბიჭვინთა) უკვე იმდენად ძლიერი ყოფილა ქრისტიანული სარწმუნოება, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა.
ამიტომაც შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად და ჩვენ მომავალ წელს ამ მოვლენის 1700 წლისთავს საზეიმოდ აღვნიშნავთ.
ასე რომ, წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული საქართველოს ეკლესია არსებითად იყო ჩართული საერთო საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებში: იზიარებდა წმინდა კრებათა გადაწყვეტილებებს და მტკიცედ იცავდა იმ ზოგად კანონიკურ წესრიგს, რამაც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის სულიერი ორიენტირი და იდენტობა, განსაზღვრა მისი ისტორია, რაც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს:
საქართველოს ეკლესია და ქართველი ერი, მტერთა ურიცხვი შემოსევების, წარმართთაგან და მწვალებელთაგან მრავალი მცდელობის მიუხედავად, თავდადებით იცავდა ქრისტიანობას და დიდი მსხვერპლის ფასად ყოველთვის რჩებოდა ერთგული ჭეშმარიტებისა. ამიტომაცაა ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყანა მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეული: გვყავს მოწამე და აღმსარებელი 17 მეფე და დედოფალი, 15 კათოლიკოს-პატრიარქი, არაერთი ერისმთავარი და წარჩინებული და ურიცხვი საერო და სასულიერო პირი.
დღეს ჩვენ, მათი შთამომავალნი, კიდევ ერთხელ დიდ მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავთ მოციქულთა ღვაწლისა და ნიკეის კრების მონაწილეთა მიმართ და შევთხოვთ უფალს, მართლმადიდებელთ მოგვცეს ძალა ერთობისა, მოგვმადლოს მშვიდობის სული და ჭეშმარიტების გზით კვლავაც დაუბრკოლებლად სვლის უნარი.
ღმერთმა დალოცოს ,,პავლენის“ 31-ე კონფერენციის ყოველი მონაწილე და შეგაძლებინოთ, თქვენმა შრომამაც მოციქულებრივი ღვაწლის მსგავსი შედეგი მოიტანოს როგორც ეკლესიის, ისე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.
ილიაII
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის