ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და ლიონის „ოლიმპიკის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიონის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გახდა ძარცვის მსხვერპლი.  

გუშინ, ლიონში, საფრანგეთის პირველი დივიზიონის მეცამეტე ტურის მატჩში ლიონის „ოლიმპიკმა" „ნიცა" 4:1  დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ სახლში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების და ლიონის „ოლიმპიკის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძარცვის მსხვერპლი გახდა. 

ფრანგული მედიის თანახმად, სახლში დაბრუნებულ გიორგი მიქაუტაძეს და მის პარტნიორს  მანქანიდან გადმოსვლისთანავე მძარცველები დახვდნენ. ისინი ორნი იყვნენ, ორივეს ხელთათმანები ეცვა, ორივე თავსაბურავიანი მოსასხამით იყო. ერთ-ერთ მათგანს ხელში იარაღი ეკავა და მიქაუტაძეს და მის პარტნიორს ემუქრებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა წაიღეს საათები, ოქროულობა და ტყავის ნაწარმი. ნაძარცვის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 ათას ევრომდეა. გიორგი მიქაუტაძისა და მისი პარტნიორებისთვის მძარცველებს ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ.

ცოტა ხნის წინ გიორგი მიქაუტაძემ პლატფორმა x-ზე თავისი გულშემატკივრებს მიმართა:

„მოგესალმებით ყველას

გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მინდა დაგამშვიდოთ: კარგად ვარ და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია.

თქვენი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი მესიჯები ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მადლობელი ვარ. კვლავინდებურად გულმიპყრობილი ვარ ჩემ მიზნებზე და მალე შევხვდებით.

ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ახლობლების მფარველი

გიორგი მიქაუტაძე"