საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა, სადაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.
საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რომლებსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
გივი მიქანაძემ, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, არაერთ აქტუალურ საკითხზე იმსჯელა, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სტუდენტთა მიღების კვოტების გადანაწილებაზე, სტუდენტთა მობილობასა და აკრედიტაციის სტანდარტებზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.









