თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის მიმდინარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის, ასევე მისი იერსახის და მიმზიდველობის შენარჩუნებისთვის უკვე გატარდა და კიდევ დაგეგმილია რამდენიმე რეფორმა, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტულს გახდის ტაქსით მგზავრობას. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. დაგეგმილია ცვლილებებისა და რეგულაციების მესამე
ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რეფორმის შედეგები მისაღები იქნება ყველა მოქალაქისთვის. მადლობას ვუხდი ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს“,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
როგორც პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განმარტა, მომავალი თვე-ნახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება, რეფორმა კი 1 აპრილიდან ამოქმედდება. დაგეგმილი სიახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს საზოგადოებას გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან, ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე ლიცენზია უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება.
პრეზენტაციაზე ასევე გაირკვა, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეეძლებათ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.