კვლავ გადაუღებლად თოვს თბილისსა და მის შემოგარენში. შეუჩერებლად მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურებიც. მობილიზებულია 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. სისტემატურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

"ტექნიკა მობილიზებულია. ჯამში, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა და 150 ცოცხალი ძალაა გამოსული, რომელიც მორიგეობს. ასევე, მსუბუქი მანქანები გვყავს გამოყვანილი ქუჩებში, რომლებიც ათვალიერებენ ისეთ მონაკვეთებს, რომელიც სასწრაფო დამუშავებას საჭიროებს. დამუშავება ხორციელდება როგორც ტექნიკური მარილით, ისე - გაწმენდის საშუალებით. გზის სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ფეხით სავალი ნაწილები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები და კიბეები. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი 20 იანვრის გამთენიამდე დარჩება მობილიზებული, რადგან, პროგნოზის მიხედვით, 20-ში, დილის 10:00 საათამდე ინტენსიური თოვაა გამოცხადებული", - აცხადებ  "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი გიორგი პაპავა.

გზაზე მიმდინარე სამუშაოებს კოჯორში დღის ბოლოს გაეცნო თბილისის მერი. კახი კალაძე მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.