პოლიტიკური პოზიციების სხვაობის გამო ერთმანეთის განადგურების ნაცვლად, მშვიდი დიალოგი უნდა შეგვეძლოს, ტელევიზია კი ამ პროცესში მთავარ როლს უნდა თამაშობდეს - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, თავის მიმართვაში აღნიშნა.
„ორი დღის წინ ლიბანიდან ჩამოვედი, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ მოვწყდი. „იმედის დღის“ გუნდმა 9 მარტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი განცხადება გაავრცელა, რომელსაც მეც შევუერთდი. აქვე მინდა დავძინო, ძალიან ვამაყობ, რომ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, ტელევიზიაში, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა, რადგან ეს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა.
„იმედში“ დღესაც ვიცნობ უამრავ ადამიანს, ესენი არიან პროდიუსერები, ოპერატორები, მემონტაჟეები, ჟურნალისტები თუ მძღოლები, რომლებიც ჩემსავით 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებას იცავდა. მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, მათთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენ დასავლეთისკენ ვიცქირებოდით და გვინდოდა, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს დამოუკიდებელ საქართველოში ეცხოვრათ. ჩვენ იმედელები ევროპული ოჯახისკენ მივიწევთ საქმით, ჩვენი პროფესიონალიზმით, ევროპული იდეალებისადმი ერთგულებით. ამ იდეალებში კი ყველაზე ძვირფასი ადამიანია. დიახ, ჩვენ ადამიანურ ღირებულებებს, ადამიანურ უფლებებს ვაყენებთ პირველ ადგილზე. ჩვენთვის პოზიციაც და ოპოზიციაც ადამიანებია და ამიტომ, ყოველ ჩვენთაგანს, ჩემი ჩათვლით, მეგობრები ჰყავს ორივე მხარეს. არასოდეს გვიჩნდება სურვილი, რომელიმე მხარის განადგურების, ვინმეს სტიგმატიზაციის და მოკვეთის. თავისუფალ ჟურნალისტიკას ადამიანები, თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ამიტომ, ვერავის დავუთმობთ ლოზუნგებს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ამ მომავალს ჩვენ 29 წელი ვქმნიდით. არ შეგვშინებია დარბევის, იარლიყების, ჩვენს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის. რაც შეეხება იარლიყებს, 1991 წელს მამაჩემი პროფესორი ბორის კალანდია, მიუხედავად მუქარისა და ათასნაირი იარლიყისა, არ გამოვიდა იმ მთავრობის სასახლიდან, რომელსაც ვაი პატრიოტები რუსულ ჭურვებს უშენდნენ და რომლის პირველ სართულზეც საქართველოს პირველი პრეზიდენტი აფარებდა თავს. მას შემდეგ ვისწავლე, რომ ერთგულებისთვის, მათ შორის ევროპული იდეალებისადმი ერთგულებისათვის შეიძლება დაგსაჯონ, თუმცა არ უნდა შეშინდე. მე ისიც ვიცი, რომ პოლიტიკური პოზიციების სხვაობის გამო ერთმანეთის განადგურების სურვილის ნაცვლად მშვიდი დიალოგი უნდა შეგვეძლოს, ტელევიზია კი ამ პროცესში მთავარ როლს უნდა თამაშობდეს. ჩვენ საქმისადმი სრული ერთგულებით პოპულარიზაციას ვუწევდით და გავუწევთ ქართულ კულტურას, ეროვნულ იდეალებს, გმირებს, ჩვენი წარსულის საუკეთესო მომენტებს, გამორჩეულ ქართველებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ამით ვემსახურებით ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომაც ჩვენ ვართ იმედელები“- განაცხადა გიორგი კალანდიამ.