ადგილობრივი აქტორების გარკვეულწილად დამსახურებაა, რომ მათ შექმნეს მოცემულობა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
"ხდება მცდელობა, რომ ეს აზრი გამყარდეს და ამით დისკრედიტაცია განხორციელდეს ერთი მხრივ გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნების და მეორე მხრივ - საარჩევნო ადმინისტრაციის. ასეთი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული კამპანიებით ხდება ზედაპირზე ამომრჩევლის დატოვება, კითხვის ნიშნის დასმა, ვინ გააყალბა, სად გააყალბა, როგორ გააყალბა.
ვერც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ვერც პროკურატურაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ბუნებრივია, რაც არ არსებობს, მისი მტკიცებულება ვერც იქნებოდა წარდგენილი.
ეუთო/ოდირის დასკვნაში, არაფერი წერია გაყალბებაზე, ახალი არჩევნების საჭიროებაზე და არაფერი წერია არსებით მძიმე და ხელშესახებ გარემოებებზე, რომელიც მისცემდა სხვადასხვა ჩართულ მხარეს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფობა განხორციელებულიყო. ამ დოკუმენტში საუბარია არჩევნების კარგად ჩატარების ადმინისტრირებაზე, გამჭირვალობის მაღალ ხარისხზე. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ მასშტაბურ სამუშაოებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის წუხილები, მიგნებები, რეკომენდაციები, რომელიც დოკუმენტში არისა და ეს არის პროცესის თანმდევი ნაწილი. ნებისმიერი ქვეყნის ეუთო/ოდირის ანგარიშს რომ ხელი დავადოთ, ყველგან ამოვიკითხავთ წუხილებს, ამოვიკითხავთ რეკომენდაციებს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ იყოს ისეთი წუხილი, ისეთი გადაცდომა, რომელსაც არსებითად გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს პოლიტიკურ შედეგზე და არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.