გია ნოდია განათლების ახალი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელევას შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია და თავის რამდენიმე დღის წინანადელი შეფასება უკან მიაქვს.

აქვე ,ნოდია ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჯეჯელავას კომენტარსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯეჯელავას ამ თემაზე საუბარი არ ევალებოდა, მისი განცხადება კი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ერთგულების დამტკიცებას ცდილობს.

“ამ კაცზე ამ ორი დღის წინ დავწერე, რომ „აიტიშნიკია“ (რადგან მისი ბიოგრაფია რაიმე სხვა ინფორმაციას არ მაწვდიდა, სხვა წყარო კი არ მქონდა) და, აქედან გამომდინარე, მისი განათლების მინისტრად დანიშვნა გავიკვირვე. შემდეგ ბევრი, მათ შორის ჩემთვის ანგარიშგასაწევი ადამიანისგან გავიგე, რომ არ არის მასე საქმე, რომ ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია და ა. შ. იმდენი ვქენი, რომ იუთუბზე მის ერთ მოკლე ლექციასაც ვუყურე (ბედნიერებაზე), საიდანაც დავასკვენი, რომ არსებულ მთავრობაში შეიძლება ინტელექტუალური ვარსკვლავიც აღმოჩნდეს. მოკლედ, კი ბატონო, უკან წავიღებ ჩემს ეჭვებს. დიდი იმედია, რომ, როგორც მინიმუმი, სანიკიძეზე გაცილებით უკეთესი მინისტრი იქნება.

მაგრამ აი ეს გამონათქვამი პრობლემას ნამდვილად მიქმნის. არა იმიტომ, რომ განათლების მინისტრი ევროპასთან ვიზალიბერალიზაციაზე აკეთებს ერთ-ერთ პირველ საჯარო კომენტარს – ცოტა უცნაურია, კი, მაგრამ პოლიტიკური გუნდის წევრმა ნებისმიერ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე შეიძლება გამოთქვას აზრი. თვითონ აზრის შინაარსია პრობლემა. კერძოდ:

„ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სამწუხაროდ, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო, ხანდახან არ ფიქრობს რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება ამითი დააზარალოს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი ან სხვა რამ. კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვათ, რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს გადაჭარბებულს, არარეალურს, იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდება”.

ანუ, ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეფერხდეს არა იმის გამო, რომ მთავრობამ კორცხელში ოპოზიციის ლიდერები აცემინა, ან რომ იგივე მთავრობა მთავარი ოპოზიციური არხის დათრევას ცდილობს – ცუდები ისინი არიან (ოპოზიცია, ჟურნალისტები, არასამთავრობოები), ვინც ამის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს.

ასეთ გამონათქვამს ქვია „ქოციზმი“. შეიძლება ძალიან ჭკვიანი კაცია ალექსანდრე ჯეჯელავა, მაგრამ, ქოცურ მთავრობაში რომ მოხვდა, ახლა ქოციზმები ანუ იდიოტობები უნდა ილაპარაკოს. ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეეძლო თავი შეეკავებინა, სწორედ იმიტომ, რომ განათლების მინისტრია და ამ თემაზე ლაპარაკი არ ევალება. ესე იგი, ძალიან უნდა აქედანვე „გუნდში ჩაწერა“ და ყველანაირ ფასად პოლიტიკური ერთგულების დამტკიცება”,-წერს ნოდია.

gianodia