ესპანეთის მთავრობა მომავალი წლიდან მინიმალურ ხელფასს 5,3%-ით — 1 286 ევრომდე — ზრდის, რაც მეტია ექსპერტების მიერ რეკომენდირებულზე, მაგრამ ნაკლებია პროფკავშირების მოთხოვნილ ოდენობაზე.
შრომის სამინისტრომ მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 1 221 ევროდან 1 286 ევრომდე იზრდება თვეში, 14 გადახდით — ეს წელიწადში 18 004 ევროა ბრუტო. ესპანეთში 14 გადახდა ნიშნავს 12 თვიურ ხელფასს პლუს ორ დამატებითს — ზაფხულის და საშობაოს, რასაც ზოგან მე-13 და მე-14 ხელფასს ეძახიან.
ექსპერტთა კომისიამ 4,9%-იანი ზრდა ურჩია ოქტომბრის ინფლაციის მიხედვით, პროფკავშირები 7%-ს ითხოვდნენ — 1 307 ევრომდე. მთავრობამ შუა ვარიანტი აირჩია.
პროექტზე შენიშვნების მიღება 16 ნოემბრამდე გაგრძელდება, უკვე საარჩევნო კამპანიის დროს. დადგენილება მინისტრთა საბჭოს შეუძლია არჩევნების შემდეგაც დაამტკიცოს, მთავრობას, დროებითის ფუნქციაც რომ ჰქონდეს, პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება.
მთავრობა ამბობს, რომ ზრდა ევროპული სოციალური ქარტიის მიზანს ემსახურება — მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 60% უნდა იყოს.
შედარებისთვის:
საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია. 1999 წელს მიღებული ეს ნორმა კარგა ხანია ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა დღემდე უცვლელია. სომხეთში მინიმალური ხელფასი 75 000 დრამია — დაახლოებით 167 ევრო, აზერბაიჯანში 400 მანათი — დაახლოებით 226 ევრო. ევროკავშირში ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი — 620 ევრო — ბულგარეთშია, ყველაზე მაღალი — 2 771 ევრო — ლუქსემბურგში.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




