განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა თემატური მოკვლევის ორი ახალი ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციო-ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის თემატური მოკვლევის ჯგუფს უხელმძღვანელებს. კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე კი  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და  სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით შექმნილ თემატურ მოკვლევას გაუძღვება.

 კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, თემატური მოკვლევა აქტუალურ საკითხებს შეეხება და მნიშვნელოვანია, რადგან ის მომავალ თაობას ეხება.

 გასულ კვირას, კომიტეტმა  სკოლამდელი და პროფესიული განათლების მიმართულებით თემატური მოკვლევის ორი ჯგუფი შექმნა. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების თემატურ მოკვლევას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრის მოკვლევის ჯგუფს  კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი ხელმძღვანელობს.