30 მაისს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაავადების გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
ღონისძიება „მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდის" ეგიდით, საინფორმაციო კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში მოეწყო. კამპანიის მთავარ მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, გაფანტული სკლეროზის მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაშინ როცა თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტები მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობით სარგებლობენ, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან. პაციენტები მიიჩნევენ, რომ ყოველი წუთი გადამწყვეტია და ამიტომ სახელმწიფოს 2022 წელს გაცემული დაპირების სისრულეში მოყვანას სთხოვენ.
ღონისძიების ფარგლებში პაციენტმა ასევე გაიხსენეს კამპანიის ისტორია და მიღწევებიც:
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. სწორედ ამ დროს აიღო სტარტი კამპანიამ "ერთად ერთმანეთისთვის", რომლის ფარგლებშიც უამრავი საინფორმაციო აქტივობა განხორციელდა და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და 2020 წლიდან ქალაქი თბილისის მერია თბილისში მცხოვრებ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს.
2024 წლიდან მოიხსნა თანადაფინანსების პრინციპი და ასაკობრივი შეზღუდვა - თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტები მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობით სარგებლობენ.
2022 წელს გაიცა დაპირება რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების პროგრამის დაწყების შესახებ, თუმცა დანაპირების შესრულებას თუმცა პაციენტები უკვე სამი წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.
პაციენტები მიიჩნევენ, რომ გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შეჩერებისა და ქმედითი უნარების შენარჩუნებისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია და სთხოვენ სახელმწიფოს დანაპირების სისრულეში მოყვანას.
ღონისძიებაზე დამსწრეს საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „მრავლობითი სკლეროზის ფონდის“ თავმჯდომარემ, ქეთევან ვარსიმაშვილმა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტმა, მაია მგელაძემ. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული ვითარება, გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები. ასევე იმსჯელეს მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.
„რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობა. მკურნალობის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. პაციენტების უფლებაა, შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე და სააბოლოოდ არ გავხდეთ უნარშეზღუდულები,” - ითქვა შეხვედრაზე.
მულტიდისციპლინური მიდგომა და რეაბილიტაციის მნიშვნელობა
გაფანტული სკლეროზის დღეს პაციენტები ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობით ხვდებიან და პატარა ნაბიჯებით ერთმანეთის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ცდილობენ. წლევანდელი შეხვედრა დაეთმო გამოწვევებსა და მკურნალობაში მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას.
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს ყოველდღიური ფუნქციების პროგრესული შეზღუდვა აღენიშნებათ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე. ამ პირობებში რეაბილიტაციური პროგრამები კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების სიმპტომების მართვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში რეაბილიტაციური მომსახურებაარ ფინანსდება და მხოლოდ ერთეულები, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, ახერხებენ გარკვეული პროგრამის მიღებას.
ექიმ-რეაბილიტოლოგმა, სოფო შაგიძემ დამსწრეებს პრაქტიკული რჩევები და სახლის პირობებში შესასრულებელი სავარჯიშოები გაუზიარა. როგორ გაუმკლავდნენ დაავადების სიმპტომებს სახლის პირობებში. ასევე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება პაციენტებს ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ გაფანტული სკლეროზით ცხოვრება რთულია, მაგრამ ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციის პირობებში შესაძლებელი.