ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) ადასტურებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. ინფორმაცია საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
9-დან 14 წლამდე ასაკის ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა მილიონობით მაყურებელს საკუთარი შემოქმედება და მუსიკასთან ერთიანობის განცდა გაუზიარონ. ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ შოუში მონაწილეობას მიიღებენ:
RTSH (ალბანეთი)
AMPTV (სომხეთი)
Ictimai (აზერბაიჯანი)
HRT (ხორვატია)
CyBC (კვიპროსი)
France Télévisions (საფრანგეთი)
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო)
TG4 (ირლანდია)
Rai (იტალია)
PBS (მალტა)
RTCG (მონტენეგრო)
AVROTROS (ნიდერლანდები)
MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია)
TVP (პოლონეთი)
RTP (პორტუგალია)
SMRTV (სან მარინო)
RTVE (ესპანეთი)
Suspilne (უკრაინა)
2025 წელს კონკურსში 3 ქვეყანა დაბრუნდა. მონტენეგრომ ბოლოს მონაწილეობა 2015 წელს მიიღო, ხოლო ხორვატიამ 2014 წელს. 2021 წლის შემდეგ პირველად ასევე კონკურსში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი.
სცენა
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე წარმოადგინა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენის დიზაინი. სცენა ღრმად არის შთაგონებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობიდან. მის ცენტრში დგას დოლი – ტრადიციული ქართული ხალხური დასარტყამი ინსტრუმენტი.
ცენტრალური სცენის გარშემო სკულპტურული ფორმებია აღმართული, რომლებიც შთაგონებულია ქვეყნის შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტებით, ციხესიმაგრეებითა და კოშკებით, რომლებიც საქართველოს რელიეფზეა მიმოფანტული.
ვიზუალური იდენტობა
სცენასთან ერთად, ასევე წარმოდგენილია 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თემატური ვიზუალური აიდენტიკა და სლოგანი „მუსიკა გვაერთიანებს“.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორი მარტინ გრინი მადლობას უხდის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაცვიფრებელი სცენისა და ნამუშევრების მომზადებისთვის.
„მოხარული ვართ, რომ თბილისს 18 ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებელი და მათი დელეგაცია ეწვევა. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ახალგაზრდული შემოქმედებისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური ჩვენებაა და ყოველწლიურად ის გვახსენებს ევროპის მომავალი თაობის უსაზღვრო ენერგიასა და წარმოსახვას. მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მათი თავდადებისა და შემოქმედებითობისთვის, რომელიც მათ დაუვიწყარი ღონისძიებისთვის განსაცვიფრებელი სცენისა და ნამუშევრების მომზადებაში გამოიჩინეს. მოუთმენლად ველით ამ ჯადოსნური გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარებას დეკემბერში“, – განაცხადა მარტინ გრინმა.
საბავშვო ევროვიზია 2025-ის აღმასრულებელი პროდიუსერის, ნათია მშვენიერაძის განცხადებით, წლევანდელი შოუ თვეების განმავლობაში გაწეული თავდადების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შედეგი იქნება.
„დიდი პატივია ყველას მოგესალმოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკვე მეორედ ვმასპინძლობთ ევროპის ყველაზე მხიარულ და შთამაგონებელ მუსიკალურ ღონისძიებას. წლევანდელი შოუ თვეების განმავლობაში გაწეული თავდადების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შედეგი იქნება, რომელიც გააერთიანებს ჩვენი სცენოგრაფიისა და ტექნიკური სრულყოფილების საუკეთესო მხარეებს. ჩვენ გულთბილად მივესალმებით 18 მონაწილე მაუწყებლის დელეგაციას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და დაე, მუსიკამ ყველა გაგვაერთიანოს“, – აცხადებს ნათია მშვენიერაძე.
აღსანიშნავია, რომ კონკურსს თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ღონისძიება ოთხჯერ მოიგო:
2008 – ბზიკები, სიმღერით „ბზზ…“2011 – Candy, სიმღერით Candy Music2016 – მარიამ მამადაშვილი, სიმღერით „მზეო“2024 – ანდრია ფუტკარაძე, სიმღერით „დედას“
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს