საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი.

ევროვიზიასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრისა და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მზადება ყველაზე მასშტაბური ევროპული ფესტივალისთვის.

„საქართველომ მეოთხედ მოიგო საბავშვო ევროვიზია და ეს არის სრული რეკორდი, რაც, რა თქმა უნდა, საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი, უკვე როგორც მასპინძელი, მეორედ იღებს მონაწილეობას და არის საოცრად ამაყი, რადგან ქართველი ბავშვებისთვის ეს არის ფესტივალი. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონცერტი, ეს არის კვირეული, რომელიც დაიწყება პირველი დეკემბრიდან. გვექნება ორი კონცერტი – ორი დუბლირებული, თითოეულ კონცერტს დაესწრება 3 000-მდე ბავშვი, მოისმენს, უყურებს, შეაფასებს ჟიურისთან ერთად. მეორე კონცერტი იქნება 18 ქვეყნის წამყვანი მაუწყებლობის პირდაპირ ეთერში. ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები იქნებიან ყველაზე ბედნიერები წინასახალწლოდ. ესეც ერთგვარი მესიჯია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. ევროპის მაუწყებელთა კავშირის მთელი გუნდი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ყველაზე მასშტაბური ევროპული ფესტივალისთვის მიმდინარეობს მზადება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა, საამაყოა, რომ უკვე მეორედ ტარდება საქართველოში საბავშვო ევროვიზია.

მისივე თქმით, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მიხარია, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ისეთი შედეგი აქვს, როგორიც არცერთ ქვეყანას. ჩვენი ბავშვების ნიჭიერება მსოფლიოს ალაპარაკებს. რასაკვირველია, ძალიან საამაყოა, რომ უკვე მეორედ ტარდება საქართველოში საბავშვო ევროვიზია. მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პერიოდში მთელი სამყარო ჩვენზე ისაუბრებს. ძირითადად საქართველო იქნება ევროპის ყველა მედიაში წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა ევროპისთვისაც. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხმა, კულტურა, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც, ამბიცია გვაქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან მსოფლიოში. ქვეყნისთვის ეს არის მზარდი ტურიზმი, ეკონომიკის მდგრადი და უწყვეტი განვითარება. ეს ყველაფერი ერთმანეთშია გადაჯაჭვული და, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს განვითარებას, პროგრესს. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია – ნიჭით, ხელოვნებით ვიყოთ ინტეგრირებულები და განუყოფლები“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.