მაისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.1%-ით დაიკლო და 284.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.5%-ით, 30.1 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„მაისში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 69%-ით, 48 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 22.1%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ისრაელი და აზერბაიჯანი, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (20.3%- იანი და 7.7% -იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. მაისში, რეგიონის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 41.8%-ით და 43.4%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. მაისში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (42.5%), რუსეთი (16.9%) და აშშ (16.6%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.