საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 668.20 მლნ ლარით, ანუ 3.34%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851.58 მლნ ლარით, ანუ 2.80%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.