საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
"განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.
ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას.
ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.