გერმანიაში ვადამდელი ფედერალური არჩევნები ხვალ გაიმართება, თუმცა, როგორც გერმანიის პრესა კონსტიტუციონალისტი იურისტებზე დაყრდნობით წერს, უკვე აშკარაა არჩევნების საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა.
გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები სამიდან ოთხ მილიონამდე გერმანელიდან არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 213 255-მა კაცმა გაიარა, მაგრამ საყოველთაო შეშფოთების საგნად უკვე იქცა არა არჩევნებში მონაწილეთა მცირე რაოდენობა (2000-იან წლებამდე არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ გერმანელ ჯარისკაცებს, საელჩოს თანამშრომლებს და საზღვარგარეთ მყოფ სხვა გერმანელ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ, თუმცა ეს საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა გერმანელთა სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციად კი არ განიხილებოდა, არამედ პირადად მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის შერჩევის შედეგად), არამედ უკვე რეგისტრირებულთა ხმების სრულყოფილად გათვალისწინებაში არსებული აშკარა ხარვეზები.
საზღვარგარეთ მცხოვრებ გერმანელებს ხმის მიცემა გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და არა საელჩოებში, არამედ ფოსტით შეუძლიათ. მათ რეგისტრაციის გავლა 2 თებერვლამდე შეეძლოთ. რეგისტრაციაგავლილთა საარჩევნო სიებში შეტანის შემდეგ უფლებამოსილი ორგანოები მათ საარჩევნო ბიულეტენებს უგზავნიან და შემდეგ ასევე ფოსტით იბარებენ უკან უკვე შევსებულ ბიულეტენებს.
პრობლემა ცაიტნოტმა წარმოშვა, ცაიტნოტი კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 30 იანვრის საღამოდან, რადგან მხოლოდ ამ დროს ამოიწურა საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა პარტიულ სიებთან დაკავშირებით. პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა იმის გამო, რომ, როგორც tagesschau წერს, ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბიულეტენების საეჭვო მეთოდი გამოიყენა. მაგალითად, ქალაქ ჰალედან საარჩევნო დოკუმენტები ხარჯების ეკონომიის მიზნით შვედეთში შვეიცარიის გავლით გადაიგზავნა და ამის გამო მის ჩაბარებას ექვსი დღე დასჭირდა. კიდევ ერთი მოტანილი მაგალითის მიხედვით კი ხუთშაბათს, სიდნეიში არსებულმა საკონსულომ ელექტრონული წერილით მიმართ ადგილობრივი გერმანული თემის წარმომადგენლებს და იკითხა, ხომ არ მიემგზავრებოდა ვინმე ხუთშაბათს საღამოს გერმანიაში და შეეძლო თუ არა მას შევსებული ბიულეტენების წაღება.
საზღვარგარეთ მცხოვრებ გერმანელთა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები აღრიცხვას ექვემდებარება და საბოლოო შედეგების დათვლისას მხედველობაში მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ჩაბარება ხვალ, 18:00 საათამდე მოხდება.
ერთი რამ უკვე უდავოა: ბევრი ბიულეტენი გვიან მოვა. ფედერალური საარჩევნო წესების შესაბამისად, ისინი შემდეგ ინახება გაუხსნელად ამის შესახებ შენიშვნით. ფედერალური საარჩევნო კომისრის თქმით, ამჟამად შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ხმა დაიკარგება საზღვარგარეთ მცხოვრები გერმანელებისგან. არჩევნების შემდეგ მასშტაბები უფრო ნათელი გახდება. არსებული კანონის თანახმად, საჩივრის შეტანა ჯერ საარჩევნო ზედამხედველობის კომიტეტში და შემდეგ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოშია შესაძლებელი, თუმცა განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემთხვევის ალბათობა, კონსტიტუციონალისტ იურისტთა შეფასებით, უკიდურესად მცირეა. ამ მოთხოვნის შესაძლებლობა მცირეა იმის გამოც, რომ ფედერალური არჩევნების შემდეგ, არჩევნების შედეგების გადამოწმების პროცესი ორეტაპიანი და დროში გაჭიმულია. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერმა ამომრჩეველმა შეიძლება მიმართოს ბუნდესტაგს არჩევნებიდან ორი თვის განმავლობაში. როგორც წესი, ბუნდესტაგს კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს საჩივარი არჩევნების შედეგების გადახედვის მიზნით. თეორიულად, კარლსრუეს სასამართლოს შეუძლია მთელი ფედერალური არჩევნების ბათილად ცნობა. თუმცა, ამასობაში ახალი მთავრობა უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანი კანონები მიღებული იქნება.
გერმანული პრესის თანახმად, არჩევნებში რამდენიმე ათასს ხმას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი პარტიის მიერ მიღებული ხმები 5%-იანი ბარიერის ფარგლებში იქნება.
ბუნდესტაგის საიტის თანახმად, 2013 წლის ფედერალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 67 ათასმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა გერმანელმა გაიარა, 2021 წელს კი 129 ათასმა. ამჟამინდელ არჩევნებისთვის გუშინ არსებული მონაცემებით რეგისტრაცია გავლილი 213 255 კაცს ჰქონდა.
ინტერსმოკლებული არ უნდა იყოს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ, როგორც გერმანული პრესა წერს, საზღვარგარეთ მცხოვრებ გერმანელს დღეს 12:00 საათამდე შეეძლო გამოცხადებულიყო გერმანიაში თავი ბოლო საცხოვრებელ ადგილზე არსებულ საარჩევნო კომისიაში, დამაჯერებლად დაერწმუნებინა კომისია, რომ საზღვარგარეთ მას ფოსტით საარჩევნო დოკუმენტაცია არ მიუღია და მოეთხოვა საარჩევნო ბიულეტენი.