ჯილდოს ყოველწლიურად BBC Radio 3 ახალი თაობის გამორჩეულ ერთ პიანისტს ანიჭებს. Terence Judd-Hallé-ის ჯილდო პიანისტებისათვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის ფულად პრემიასთან ერთად, კონცერტების სერიასაც მოიცავს.

„Terrence Judd-Hallé ჯილდო გადმომეცა მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში. ეს პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა და 2024/25 წლის გამარჯვებული მე გავხდი, რაც ჩემი პირველი ჯილდოა საერთოდ და თან ასეთი, და მინდოდა რომ უბრალოდ გამეზიარებინა თქვენთვის“,-  წერს გიორგი გიგაშვილი.

დაჯილდოების გამარჯვებულის ამპლუაში გიორგი გიგაშვილი ცნობილ ინგლისურ სიმფონიურ ორკესტრთან,  Hallé-სთან ერთად მანჩესტერში კონცერტს გამართავს. ის მსმენელის წინაშე ასევე წარდგება სოლო კონცერტის და სხვა მუსიკალური საღამოების ფარგლებში. დეტალური განრიგი 2 მაისს იქნება ცნობილი. 

ცნობისთვის, გასულ წელს გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც გულისხმობს კონცერტებს BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, ასევე სოლო კონცერტს BBC-ის Radio 3-ის პირდაპირ ეთერში, სტუდიური ჩანაწერების გაკეთებასა და სხვა აქტივობებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში 16 აპრილს გიორგი გიგაშვილი ლონდონში BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.