საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპროტესტო აქციებში ცალკეულ მღვდელმსახურთა მონაწილეობასა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხშირად ისმის შეკითხვა:

- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას?

პასუხია:

- არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით.

4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაარსთან მოდის წინააღმდეგობაში.

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ

არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო", - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.