წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიმდინარე საპროტესტო აქციებში ბავშვების ჩართვაზე საუბრისას განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვს ფსიქოლოგიურად ბევრ საკითხზე მახინჯი წარმოდგენა უყალიბდება.
„იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს, მან პირველ რიგში სიყვარული და პატივისცემა უნდა ისწავლოს და არა ძალადობა და დაპირისპირება. ბავშვისთვის საჭიროა მშვიდი და წყნარი გარემო და მან არა თუ მონაწილეობა უნდა მიიღოს ძალადობაში, არამედ ამის ხილვაც კი უნდა აუკრძალონ. ინტერნეტში შეზღუდვებია, რომ ბავშვმა არ ნახოს ძალადობები და სექსუალური შინაარსის მქონე ინტერნეტსივრცე.
ანუ ბავშვი არის ისეთი მოწყვლადი არსება, რომელსაც სჭირდება სათუთად გაფრთხილება. ასეთი დაპირისპირების, სიძულვილის, ზიზღის ეპიცენტრში მოხვედრა ბავშვისთვის არანაირად არ შეიძლება. როგორ შეიძლება, ბავშვმა ისწავლოს ზიზღი, ქვა აიღოს, ესროლოს. კიდევ უფრო უარესია, რომ ამას იწონებს ხალხი და აგულიანებს მას.
ზოგადად ადამიანი აღიარებითი არსებაა და ბავშვი განსაკუთრებულად - რასაც მოუწონებ, შესაძლოა, იმ შენს მოწონებულს მთელი სიცოცხლე მიუძღვნას. დიდი პედაგოგები და ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ ბავშვისთვის მთავარია, უპოვო ის კარგი, კეთილი, რაც თვითონ მოსწონს, წაახალისო და მერე აუცილებლად ამ გზაზე დადგება. როცა ახალისებს, რომ პოლიციელს ან სხვა ადამიანს ქვა ჩაარტყას თავში ან რაღაც ესროლოს, ეს მოსაწონი ხდება და ამით ხდება ბავშვი პოპულარული სამეგობროშიც და ინტერნეტსივრცეშიც, ეს ბავშვის სულს ამახინჯებს“, - განაცხადა დეკანოზმა.




