თბილისის საკრებულოს წევრმა, ისნის რაიონის (ნავთლუღის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ხაბეიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენისას დავით ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ საკრებულოს ყველა სხდომას დაესწრო. ასევე, სამაჟორიტარო ბიუროში ინტენსიურად მართავდა მოქალაქეთა მიღებებს. ანგარიშის თანახმად, ის აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში.
მაჟორიტარმა დეპუტატმა პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში, დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებზე; საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების სრულ რეაბილიტაციაზე; სკვერისა და სპორტული მოედნის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ახალი სივრცეების მოწყობაზე.
მისი ინფორმაციით, რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე, გარე სპორტული მოედნების, სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნების, ფეხბურთისა და პადელის თანამედროვე მოედნების რეაბილიტაცია, ხოლო არსებულ ორ ამორტიზებულ ჩოგბურთის კორტს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია.
პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.












