საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის ბოლო ტურში, უკრაინასთან გასამართი გასვლითი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა იყოს. ეს ლოგიკურიცაა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოვჩნდით. თუმცა ყოველი მატჩი, მით უმეტეს, ეს შეხვედრა, ახალი შანსია, რომ ვითარება გამოვასწოროთ. ამის შესაძლებლობა ხვალ გვექნება და ყველანაირად ვეცდებით, გავაუმჯობესოთ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო მდგომარეობა და მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა.
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ შეტევების დასრულებისას უფრო თამამები ვიყოთ. გარდა ამისა, გვჭირდება ისეთი აგრესიულობა, როგორიც განსაკუთრებით უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრის დასაწყისში გამოვავლინეთ. ამავე დროს, მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია.
უკრაინის ნაკრებიც რთულ ვითარებაშია. თუმცა კარგად ვიცით მათი რეალური ძალა და დიდ პატივს ვცემთ როგორც მათ მთავარ მწვრთნელს, ისე იმ ფეხბურთს, რომელსაც ის ქადაგებს. სირთულეები ორივე გუნდს აქვს და ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი გველის. სტრატეგიისა და ტაქტიკური მონახაზის გარდა, ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა უნდა გამოავლინოს. იმედი მაქვს, ამ მხრივ ჩვენ უკეთ გამოვიჩენთ თავს და შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთო შედეგით დავასრულებთ.
ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე საკმარისი დრო გვექნება, რომ გუნდმა საკუთარი სახე შეიძინოს. ამაზე მუშაობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. ეს მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ. თუმცა მინდა, ყოველ მომდევნო შეკრებაზე ისეთი გუნდი ვიხილო, რომელიც პროგრესირებს. ეს სამომავლო საკითხია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი მატჩია.
უკრაინის ჩემპიონატიდან სამი ფეხბურთელი გვყავს – აზაროვი, მაისურაძე და გაგნიძე. ვინ ითამაშებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს მატჩის დაწყებამდე გაიგებთ. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და მათი იმედი მაქვს“, – ამბობს სვანაძე.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.









